ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევნებია. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან - მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან - თანამშრომლობას ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების წინსვლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.