„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაათავისუფლებს აქციების დროს დაკავებულებს და ვითარების დეესკალაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს, მზად არიან, დაიწყონ ხელისუფლებასთან დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
„რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ ერთ თვეზე მეტია ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ. მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რეჟიმმა საკუთარი ერისადმი დადებითი სიგნალი უნდა გაგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეჟიმი წავა გარკვეული დათმობების გზაზე და დადებით ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ჩვენ ადრეც გავაკეთეთ და ეს აღმოჩნდა სწორი პათოსი. ეს პათოსი აქვს ევროპასაც, ამერიკასაც და ჩვენც, ყველას“,-განაცხადა გეგელიამ.
მისი განმარტებით, ახალი კათოლიკოს - პატრიარქის პირობებში, ბევრი ახალი, დადებითი პროცესის შექმნა არის შესაძლებელი.
„იმედი მაქვს, ახალი კათოლიკოსი ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება და მისი უწმინდესობა, მოისურვებს, შეძლებს სამოქალაქო კონსოლიდაციას. დღეს ჩვენ, როგორც ერს ძალიან გვჭირდება დადებითი შინაარსის ირგვლივ გაერთიანება. როგორც მოქალაქეს, მინდა ეს მისი უწმინდესი შიო მესამისგან ვნახო“, - განაცხადა გეგელიამ.