მამუკა მდინარაძე აქციების დროს დაკავებულების შეწყალებაზე - ეს არ არის ჩემი ან „ქართული ოცნების“ განსასაზღვრი საკითხი, სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს - Palitra News

მამუკა მდინარაძე აქციების დროს დაკავებულების შეწყალებაზე - ეს არ არის ჩემი ან „ქართული ოცნების“ განსასაზღვრი საკითხი, სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს

2026-05-12 14:04:26+04:00

ეს [პატიმრების შეწყალება] არ არის ჩემი განსასაზღვრი, ან თუნდაც „ქართული ოცნების“ გუნდის განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს, ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და არ შეიძლება, - ამის შესახებ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პატიმრების შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ დამოკიდებულება იმის მიხედვით, როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება, თუმცა ეს არ არის პირობა.

„ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი. ჯერ ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. სულ რაღაც 5-6 წლის წინ, ადამიანისთვის სინდისის პატიმარი რომ დაეძახათ, ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი განსაკუთრებული უკანონობის მსხვერპლი. დღეს ასე ხელაღებით ისე ვარქმევთ სახელებს ადამიანს „სინდისის პატიმარი“, „უკანონო პატიმარი“, აქ უკვე საკამათო თემა შემოდის. საკამათო თემებში მერე გარკვეული უხერხულობები ჩნდება. მათ შორის კანონისმიერიც კი, არამხოლოდ პირადი პოზიციის ან გუნდის პოზიციის განმსაზღვრელი. ამ პოზიციებზე თუ ჩამოვყალიბდებით ხოლმე, მერე გადაწყვეტილებები უფრო გაიოლდება ყოველთვის. მგონია, რომ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ დამოკიდებულება იმის მიხედვით, როგორია მეორე მხრიდან დამოკიდებულება. პირობად მინდა, რომ არავინ მიიღოს. ეს არ არის ჩემი განსასაზღვრი, ან თუნდაც „ქართული ოცნების“ გუნდის განსასაზღვრი საკითხი. სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს, ეს ბუნებრივი ამბავი იქნება და არ შეიძლება.

ჩემი პოზიცია ბუნებრივია იქნება, რომ როდესაც ადამიანი ინანიებს დანაშაულს და ა.შ, შეიძლება შაბლონურადაც კი ჩანდეს, მაშინ კიდევ უფრო დამთმობი და ლმობიერია სახელმწიფო მის მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში არ გამოდგება, იმიტომ, რომ ანტაგონისტური აზრებია ჩემ და თქვენ შორის. ეს არის ერთი ადამიანის დისკრეციული უფლებამოსილება. არ შეიძლება ოდნავ პოზიტიურ ან ნეგატიურ კონტექსტშიც კი მე ამაზე ვილაპარაკო, ჩემი პირადი მოლოდინი არ უნდა იყოს საინტერესო“,- განაცხადა მდინარაძემ.