შიო III – საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას - Palitra News

შიო III – საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას

2026-05-12 14:55:12+04:00

თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს - ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს, ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად, - ამის შესახებ შიო III-მ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის რანგში პირველი ქადაგებისას განაცხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ეკლესიის მესვეურებს თანაბრად მართებთ გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც.

როგორც პატრიარქმა ქადაგებაზე აღნიშნა, საჭიროა ფართოდ გაიხსნას ეკლესიის კარი ყველასთვის და მოძღვრებმა მხოლოდ ტაძრის ამბიონთან არ უნდა დაუცადონ მოყვასის მოსვლას.

„დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთივკურთხეულ დღეს აქ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენ წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას. „მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვვიდოდი“! ვსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძვლადადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქად. „არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არს ღმრთისა მიერ“, - ამბობს მოციქული პავლე და მეც, განმცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“. 2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა, თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნებისა და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას აღნიშნავს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი, მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერს და ეკლესიას. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია იქცა ერთიანობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად. თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს - ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს, ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტეს მიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება, რადგან გვასწავლის უფალი: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს თქვენდა მსახური“. ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი, ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან, სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე, ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით განმსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას. აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური ცხოვრება დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტეს მიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა როგორც გვასწავლის წმინდა წერილი: „ყოველნი ერთ იყვნენ“. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს,“ - განაცხადა საქართველოს ახალარჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა.