სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი ბოლომდე უნდა მივიდეს და პროცესი მხოლოდ რამდენიმე დაკავებით არ უნდა დასრულდეს. ლევან იოსელიანის თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, საკმარისია თუ არა უკვე დაკავებული 5 სპეცრაზმელის საქმე.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ პოლიციელებისა და სპეცრაზმელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა. მისი შეფასებით, შეუძლებელია, გასული წლის მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლები იყვნენ დაკავებული და ძალადობის ფაქტებზე მეორე მხარეს პასუხისმგებლობა არ დგებოდეს.
იოსელიანმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა სისტემურად აქამდე არ ახსენდება.
ომბუდსმენი ასევე ჰუმანური მიდგომის მომხრეა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ. როგორც თავად ამბობს, მხარს უჭერს სასჯელების შემსუბუქებას, ვადამდე გათავისუფლებასა და შეწყალების მექანიზმების გამოყენებას. იოსელიანის შეფასებით, ამ პროცესებში ახალი პატრიარქის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.