"გაუგებარია, რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს მედიკამენტი" - მეუფე ნიკოლოზი - Palitra News

"გაუგებარია, რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს მედიკამენტი" - მეუფე ნიკოლოზი

2026-05-12 21:02:20+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მკურნალობის დაფინანსება კვლავ საზოგადოებრივი განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემაა. ამ საკითხზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, გაუგებარია, რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს შესაბამისი მედიკამენტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება მაღალია. მისი თქმით, მსგავსი საკითხები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს და აუცილებელია თემის სიღრმისეულად განხილვა.

ამავდროულად, უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფო კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ. ისინი ბავშვებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ.

მშობლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია შედგება და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ, სადაც მედიკამენტების დაფინანსების საკითხს განიხილავენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოლაპარაკებების დაწყებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, პასუხისმგებლობა პროცესზე ეკისრება როგორც მთავრობას, ისე საზოგადოებას, საპატრიარქოსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.