საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ყურადღება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დაკავებულ დემონსტრანტებზე გამახვილდა.
რეზოლუციის მიხედვით, საფრანგეთის მთავრობამ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების დაუყოვნებლივი გათავისუფლება უნდა მოითხოვოს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღიად უნდა დარჩეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური პირობების შესრულება და კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.
ფრანგი დეპუტატების შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯებმა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ უნდა შეუქმნას.