გემზე ვირუსის გავრცელების შემდეგ ჯანმომ კარანტინის რეკომენდაცია გასცა - Palitra News

გემზე ვირუსის გავრცელების შემდეგ ჯანმომ კარანტინის რეკომენდაცია გასცა

2026-05-12 21:12:45+04:00

საერთაშორისო მედიაში განხილვის თემაა ჰანტავირუსის გავრცელება, რის გამოც ერთ-ერთი საკრუიზო გემიდან მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში 94 ადამიანის რეპატრიაცია განხორციელდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ფრანგი, ესპანელი და ამერიკელი მგზავრები არიან. მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში მოთავსებულ 14 ესპანელს შორის ერთ შემთხვევაში ვირუსი უკვე დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევაკუირებული მგზავრებისთვის 42-დღიანი კარანტინის რეკომენდაცია გასცა. გემი არგენტინიდან პირველ აპრილს გავიდა, ხოლო პირველი მგზავრი 11 აპრილს გარდაიცვალა, მოგვიანებით კი კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.