„ოპოზიციის ალიანსმა“ 26 მაისის აქციისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო - Palitra News

„ოპოზიციის ალიანსმა“ 26 მაისის აქციისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო

2026-05-12 21:14:25+04:00

„ოპოზიციის ალიანსმა“ 26 მაისის აქციისთვის მოსახლეობის ინფორმირების კამპანია დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს ხვდებიან და საინფორმაციო ფლაერებს არიგებენ.

ფლაერებზე დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციაა დატანილი. ოპოზიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს აქციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და მათ საპროტესტო შეკრებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, ნანა ტოხვაძის განცხადებით, კამპანიის მიზანი მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია და 26 მაისისთვის ფართო მობილიზებაა. მისი თქმით, ოპოზიცია გეგმავს, დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური შეკრებით აჩვენოს, რომ ქვეყანას ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და განვითარების რესურსი კვლავ აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა უბანში გაგრძელდება და 26 მაისის აქციამდე ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.