საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქი ჰყავს - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქვეყნის 142-ე პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრება გაიმართა. ცერემონია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საეკლესიო მოვლენად შეფასდა.
საპატრიარქო ქადაგებაში ახალმა პატრიარქმა ყურადღება ლოცვის, საზოგადოების ერთიანობისა და პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მართლმადიდებელ მრევლს ახალი სულიერი წინამძღოლი ჰყავს, რაც საზოგადოებაში ახალი მოლოდინისა და იმედის საფუძველს აჩენს.
მათივე შეფასებით, შიო მესამეს მნიშვნელოვანი მისია ეკისრება - ღირსეულად გააგრძელოს ილია მეორის გზა და ეკლესიის გავლენა საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახალი პატრიარქი ქვეყანაში დაპირისპირებული და პოლარიზებული მხარეების დაახლოების პროცესშიც მნიშვნელოვანი ფიგურა აღმოჩნდეს.