როგორ აფასებენ საქართველოში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას - Palitra News

როგორ აფასებენ საქართველოში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას

2026-05-13 09:59:31+04:00

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებზე გამახვილდა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მთავრობამ პროტესტის დროს დაკავებული, მათ შორის ოპოზიციური ლიდერებისა და დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლება უნდა მოითხოვოს. ამასთან, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღიად უნდა დარჩეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის მხრიდან მსგავსი გზავნილები „ქართული ოცნების“ იმ მოლოდინს ეწინააღმდეგება, რომელიც ევროპასთან ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. მათივე შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები დემოკრატიული უკუსვლის პირობებში სანქციების მექანიზმის გამოყენებას უფრო აქტიურად განიხილავენ.

ანალიტიკოსების ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთს გააჩნია პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტები, რათა ზეწოლა როგორც ივანიშვილის გარემოცვაზე, ისე ხელისუფლებაზე გაზარდოს.