ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს - რას ამბობენ ოპოზიციაში - Palitra News

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს - რას ამბობენ ოპოზიციაში

2026-05-13 09:59:49+04:00

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისისთვის მასშტაბურ საპროტესტო აქციას ამზადებს - გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის დღე წელს ეროვნული მობილიზებისა და პროტესტის მთავარი თარიღი იქნება. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დაგეგმილი პროტესტი სხვა გამოსვლებისგან მასშტაბითა და პოლიტიკური დატვირთვით განსხვავდება.

ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი ორი თვით ადრე დაანონსებულ აქციას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ხანგრძლივი მოლოდინი მუხტის შენარჩუნებას გაართულებს, თუმცა ოპოზიციის სხვა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი გზა სწორედ უწყვეტ პროტესტზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე გადის.

ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლების შეფასებით, 26 მაისს განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა ისტორიულად იმ ადამიანებმა მოიპოვეს, რომლებმაც რეპრესიებსა და პრორუსულ მმართველობას წინააღმდეგობა გაუწიეს.

პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობაზე მუშაობენ და გეგმავენ, რომ საპროტესტო აქცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამოქალაქო ერთობის დემონსტრაციადაც აქციონ.