ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 მუნიციპალიტეტში გამოვლენილი კორუფციული ფაქტების საქმეზე სამი პირი დააკავა, მათ შორის მერის 2 წარმომადგენელი.
გამოძიების ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა შუამავლის დახმარებით სახელმწიფო მიწაზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ 10 000 დოლარის ქრთამი აიღო. საქმეზე ერთი მოქალაქეც დააკავეს, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარებას ედავებიან.
მეორე შემთხვევა წალკის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. გამოძიების მიხედვით, სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მოქალაქეებზე ყალბ ცნობებს გასცემდა და 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის ყალბი დოკუმენტაციის მომზადების სანაცვლოდ 1 000 ლარი აიღო.
ორივე საქმეზე თანხები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქრთამის აღების მუხლებით მიმდინარეობს, რაც რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.