მინდა კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს ვუსურვო, რომ ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან გადმოიბარა, ეტარებინოს ისე, რომ მართლაც აღსრულებულიყოს ის მთავარი ღირებულებები, რომელიც ჩადებულია ჩვენს რწმენაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ იყო ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე.
„გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის დაარსებულ ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე. მინდა მივულოცო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას აღსაყდრება. მინდა ვუსურვო, რომ ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქისგან ილია მეორისგან, ეტარებინოს ისე, რომ მართლაც აღსრულებულიყოს ის მთავარი ღირებულებები, რომელიც ჩადებულია ჩვენს რწმენაში.
გუშინ იყო ჩვენი საზოგადოების დიდი სიხარული, ვიყავით მომსწრე ისეთი მომენტისა, რომელიც იშვიათად ხდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილები. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო მესამე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.