უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება უკრაინის ანტიკორუფციული სისტემის სიცოცხლისუნარიანობას აჩვენებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გიიომ მერსიემ გამოცემა „დოიჩე ველეს“ განუცხადა. „ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრული საქმე აჩვენებს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ფუნქციონირებენ და ასრულებენ თავიანთ მანდატს“, - - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება უკრაინის ანტიკორუფციული სისტემის სიცოცხლისუნარიანობას აჩვენებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გიიომ მერსიემ გამოცემა „დოიჩე ველეს“ განუცხადა. „ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრული საქმე აჩვენებს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ფუნქციონირებენ და ასრულებენ თავიანთ მანდატს“, -

2026-05-13 14:11:18+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება უკრაინის ანტიკორუფციული სისტემის სიცოცხლისუნარიანობას აჩვენებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გიიომ მერსიემ გამოცემა „დოიჩე ველეს“ განუცხადა.

„ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრული საქმე აჩვენებს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ფუნქციონირებენ და ასრულებენ თავიანთ მანდატს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ეს ევროკავშირის გაფართოების კონცეფციის ცენტრალური ელემენტია და ამ თემაზე ბრიუსელის საერთო პოზიციას განსაზღვრავს”, - აღნიშნა გიიომ მერსიემ.

მისი თქმით, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და კანონის უზენაესობის დასაცავად საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა.

„აუცილებელია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების როლის დაცვა, რომლებიც კანონის უზენაესობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ უკრაინაში, როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოში“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ერმაკის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე გავლენას არ მოახდენს. თუმცა, ბრიუსელი საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გუშინ, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სასამართლოს ერმაკისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯა მოსთხოვა. უწყებამ ალტერნატიული გირაოს სახით 180 მილიონი გრივნას (4 109 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა დაუშვა. ამის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ სხდომა ადვოკატების მოთხოვნით გადადო, რომლებმაც ბრალდების მასალების 16 ტომის გაცნობა ვერ მოასწრეს.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სემიონ კრივონოსმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიგურირებს.

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, კიევის ოლქში ელიტური კოტეჯების კომპლექსის „დინასტიის“ მშენებლობის დროს 460 მილიონი გრივნას გათეთრებაში იყო ჩართული.

გამოძიების მონაცემებით, „დინასტიის“ მშენებლობის კონცეფცია 2020 წლის მაისში გაჩნდა. იმავე წლის ივნისში მშენებლობას უკრაინელი ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი (კარლსონი) და ანდრეი ერმაკი (R2) შეუერთდნენ.

ანტიკორუფციული ორგანოების ცნობით, 2021-2025 წლებში ორგანიზებულმა ჯგუფმა 8.9 მილიონი დოლარი გაათეთრა, რომელიც შემდეგ „დინასტიის“ ასაშენებლად გამოიყენეს. ეს თანხები სხვადასხვა წყაროდან მოიპოვეს, მათ შორის „ენერგოატომში“ განხორციელებული კორუფციული სქემებიდან.