თაზო დათუნაშვილი - საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ უგუნურების გამო, უკიდურეს სიღარიბეშია - ხელისუფლება კი მაღალჩინოსნებს, რომელსაც თავად შეუჩერა დანამატები, ახლა დანამატებსა და პრემიებს მისცემს - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ უგუნურების გამო, უკიდურეს სიღარიბეშია - ხელისუფლება კი მაღალჩინოსნებს, რომელსაც თავად შეუჩერა დანამატები, ახლა დანამატებსა და პრემიებს მისცემს

2026-05-13 14:13:15+04:00

საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ უგუნურების გამო, უკიდურეს სიღარიბეშია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ბიუჯეტში ვერ პოულობს თანხას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს დაეხმაროს და ამ დროს, „მაღალჩინოსნებს სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოს უზრდის“.

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომლითაც მაღალჩინოსნებს სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ისევ ექნებათ. ამასთან, საჯარო სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლის რაოდენობა 5%-ით იზრდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის „ოცნება“ საქართველოს ბიუჯეტში ვერ პოულობს თანხას, რომ დაეხმაროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, რომ დაეხმაროს სკოლებში უფასო კვების შეტანით მთელ საქართველოს, რომ გაზარდოს პენსია 20 ლარზე მეტით, მაგრამ ყოველთვის იძებნება ბიუჯეტში თანხა იმისთვის, რომ ფუფუნებით ცხოვრება გაუხანგრძლივონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს. „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში ასობით მილიონი გაფლანგა პარტიული აქტივისთვის ბიუროკრატიის ზრდით. ასობით მილიონი ლარი გაიფლანგა უსამართლო შესყიდვებზე, სხვადასხვა კორუფციულ სქემებზე, სოციალურ პროგრამებზე, რომლის მიზანიც არა სიღარიბის დაძლევა, არამედ პარტიული აქტივის დასაქმება იყო“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მაღალჩინოსნებს, რომელსაც თავად შეუჩერა დანამატები, ახლა დანამატებსა და პრემიებს მისცემს“.

„კიდევ 5%-ით გაბერავენ შტატებს, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ უგუნურების გამო, უკიდურეს სიღარიბეშია“,-განაცხადა დათუნაშვილმა.