უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები აუცილებლად ძალიან რთული იქნება, მრავალი მნიშვნელოვანი დეტალით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მაშინ მოხდება, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასიდან გაიყვანს.
„ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის შეწყვეტისა და დონბასიდან, რუსეთის რეგიონებიდან გასვლის ბრძანება უნდა მისცეს. ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება და მხარეები მშვიდად შეძლებენ მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც, სხვათა შორის, გარდაუვალად ძალიან რთული და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის მომცველი იქნება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი უკრაინასთან ინფორმაციას შეერთებული შტატების მეშვეობით ცვლის.
„ვინაიდან ისინი შუამავლის როლს ასრულებენ, მათი საშუალებით ხდება ინფორმაციის გაცვლაც უკრაინულ მხარესთან“, - განაცხადა პესკოვმა.