„გვირილა“ - ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, სააქციოზეც და არა სააქციოზეც - იქნება შეზღუდვა, რომ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები - Palitra News

„გვირილა“ - ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, სააქციოზეც და არა სააქციოზეც - იქნება შეზღუდვა, რომ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები

2026-05-13 16:56:03+04:00

„გვირილას“ დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს,რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სოციალური ბარათის მფლობელთათვის ფასდაკლება გავრცელდება მათ შორის სააქციო პროდუქტებზეც.

„რამდენიმე დღეში სერიოზულ კამპანიას დავაანონსებთ. ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, თამბაქოს გარდა. „გვირილა“ ისედაც მიმდინარე პროცესშიც წამყვან პროდუქტებზე ძალიან დაბალი ფასით გამოირჩევა. მინუსზეც ვმუშაობთ ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა: შაქარი, ზეთი და ა.შ. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ყველა პროდუქტზე იქნება 10%-იანი ფასდაკლება, სააქციოზეც და არა სააქციოზეც. სააქციოს კიდევ 10% დააკლდება. ნებისმიერ პროდუქტზე შეძლებენ სოციალური ბარათით ყიდვას. „ლიბერთისთან“ ვმუშაობთ და პროგრამული ინტეგრაცია მიდის. ალბათ, 5 დღეში პროექტი ჩაეშვება. ჩვენ ეს ჯგუფი გამოვარჩიეთ, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება სჭირდება და ნაკლები აქვთ შემოსავალი. შეზღუდვა იქნება მხოლოდ ის, რომ ამ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები და არ ისარგებლოს მებითუმე ადამიანმა. ნებისმიერი სააქციო პროდუქტი გავა ზარალში ამ პროექტის შემდეგ და ამიტომ ეს პირდაპირ მიმართული იქნება ჩვეულებრივ მომხმარებელზე. რომ დავინახავთ, რომ 20-30 ზეთი მიაქვს ერთ ადამიანს, მოლარე არ გასცემს ამას. თაროებზეც გავაკეთებთ ასეთ პროდუქტებზე მითითებას, რომ მაგალითად: სოციალური ბარათით მაქსიმუმ შეიძლება 10 ცალის შეძენა“, - განაცხადა ლაშა ჩოჩელმა.