ბორდოში, საკრუიზო გემზე 1700-ზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფება მას შემდეგ, რაც მგზავრი, სავარაუდოდ, ნოროვირუსით გარდაიცვალა, - ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 90 წლის მგზავრი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საკრუიზო გემზე ნოროვირუსი გავრცელდა, რომელიც ადვილად გადამდებია და მწვავე გასტროენტერიტს იწვევს.
ასევე, მედიის ცნობით, ნოროვირუსის სიმპტომები გემზე 50-მდე ადამიანს აღენიშნება.
კრუიზის ოპერატორმა კომპანია Ambassador Cruise Line-მა განაცხადა, რომ გემზე 1233 მგზავრი და ეკიპაჟის 514 წევრი იმყოფება. გემზე მყოფი მგზავრების უმეტესობა დიდი ბრიტანელი და ირლანდიელია.
საკრუიზო გემი შოტლანდიის კუნძულებიდან ბელფასტის, ლივერპულისა და ბრესტის გავლით ბორდოში ჩავიდა, შემდეგ კი ესპანეთში გამგზავრებას გეგმავდა.
კრუიზის ოპერატორმა კომპანიამ აღნიშნა, რომ 14-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.