დაასანქცირებს თუ არა საფრანგეთი ბიძინა ივანიშვილს - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უკვე გაჟღერდა მოწოდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ. მიღებულ რეზოლუციაში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ საფრთხეებზე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტში გამოკვეთილი აქცენტები მკაფიო გზავნილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა ასე არ ფიქრობენ, მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ რეზოლუციას ტრადიციულად აკრიტიკებენ და ამბობენ რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ ოპოზიციის გასაძლიერებლად კეთდება და რეალურ პოლიტიკურ შედეგს ვერ გამოიწვევს.