მშვიდობა “ქართული ოცნების” ძირითადი ნარატივია, მაგრამ თუ მშვიდობის დროს რუსეთი ახორციელებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პოლიტიკას და ამაზე მდუმარე პასუხი გაგვაჩნია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სანაცვლოდ და ფასად , - ამის შესახებ ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ის ფიქრობს, რომ თბილისში „ძალიან მკაცრი რეაქცია“ უნდა ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ანექსიურ ნაბიჯზე, ცხინვალის რეგიონის თუ აფხაზეთის მიმართულებით.
ტუმასიანი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაა.
“შეგვიძლია სახელმწიფოს ზოგადი წარმატება შევაფასოთ, რომ ქვეყანაში საგარეო ველზე და რეგიონულ მასშტაბში გვაქვს მშვიდობა, ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” ძირითადი ნარატივი. მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი. თუ მშვიდობის დროს რუსეთი ახორციელებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პოლიტიკას და ამაზე მდუმარე პასუხი გაგვაჩნია, ამავდროულად თუ ჩვენ ვხედავთ, რომ სეპარატისტულ ძალებს აქვთ მზარდი მიდრეკილება სხვადასხვა ტექნოლოგიური შეიარაღების განვითარების ან რუსეთისგან მიღების და ამის საპირწონედ ქართული შეიარაღებული ძალების სათანადოდ გაძლიერება არ ხდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მშვიდობა არის ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ და ფასად, რაც, ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაა”, - აცხადებს ტუმასიანი.
ამ ფონზე ტუმასიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უსაფრთხოების სისტემური კრიზისის წინაშეა.
მისი განცხადებით, ერთის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ჩინეთისა და რუსეთის „ინტერესების გამტარად აქცია, მეორეს მხრივ კი მმართველი პარტიის „მტრული რიტორიკა“ აზიანებს მათ შორის ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს.
„ამავდროულად, ანტიდასავლური რიტორიკა, როდესაც გარკვეულწილად სულ მცირე რიტორიკის დონეზე მტრობაში არის გადასული, ავნებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასაც, რადგანაც იგივე დასავლეთი არის ჩვენი პოტენციურად ყველაზე მსხვილი მომმარაგებელი.
ჩვენ გაგვაჩნია უსაფრთხოების სისტემური კრიზისი. ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების გამტარად გახადა “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი სახელმწიფო. ეს არის სერიოზული შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ჩვენს გუნდს წარმოუდგენია რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების მეშვეობით, ამავდროულად დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენით, რომ შევძლოთ, საქართველოს მაქსიმალური ინტერესი აქედან მივიღოთ. ეს იქნებოდა, მაგალითად, იგივე ამ კონტექსტში, ჩინეთისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მიღება, რაც “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში. ეს იქნებოდა რუსეთისთვის ანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი შემაკავებელი ტექნიკური საშუალება.
ასევე ვფიქრობ, რომ თბილისში ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ ანექსიურ ნაბიჯზე, იქნება ეს ცხინვალის რეგიონის თუ აფხაზეთის მიმართულებით”, - განაცხადა ტუმასიანმა.
ასევე, დიპლომატის თქმით, რუსეთი ევროკავშირს მთავარ მეტოქედ და მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და “ქართული ოცნების” მიერ უარის თქმა ევროპულ გეზზე რუსეთის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაა.
“რუსეთმა სრულიად გააყალბა რეალობა, რადგანაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო ნატო-ს გაფართოების საბაბით და არა ევროკავშირის. დღეს რუსეთი ევროკავშირსა და ევროპულ ქვეყნებს მთავარ მეტოქედ და მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ასე რომ ჩვენი გეზი ევროკავშირისკენ ძალიან ფრთხილი და დაბალანსებული უნდა იყოს ამ არსებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თუმცა ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, ეს უარის თქმას ნიშნავს ევროპულ გეზზე. ეს არის რუსეთის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. სამხედრო ენაზე ამას კაპიტულაცია ჰქვია. შესაბამისად, ჩვენ თუ ჩვენი სახელმწიფო ჩავაბარეთ რუსეთს, მაშინ როგორ არის საუბარი ომზე, როდესაც ომის გარეშე მტერს დანარჩენ არაოკუპირებულ 80%-საც თუ აბარებ?” - განაცხადა ტუმასიანმა.