მთავრობა საჯარო სექტორში შტატგარეშე დასაქმების ზღვრის 15%-მდე გაზრდას გეგმავს - ოპოზიცია კორუფციის რისკებზე საუბრობს - Palitra News

მთავრობა საჯარო სექტორში შტატგარეშე დასაქმების ზღვრის 15%-მდე გაზრდას გეგმავს - ოპოზიცია კორუფციის რისკებზე საუბრობს

2026-05-13 21:35:41+04:00

მთავრობა პარლამენტს საჯარო დაწესებულებებში პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების რიცხოვნობაზე დაწესებული ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართავს - კანონის პროექტი 10-პროცენტიანი ზღვრის 15 პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. ოპოზიცია ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივ განაწილებასა და შესაძლო კორუფციულ ინტერესებს უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ინიციატივა განსაკუთრებით მწვავე სოციალურ ფონზე ჩნდება. მათი განცხადებით, ხელისუფლება ბიუჯეტში ვერ პოულობს დამატებით რესურსს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად, სკოლებში უფასო კვების პროგრამების გასაფართოებლად ან პენსიის 20 ლარზე მეტად გასაზრდელად, თუმცა საჯარო სექტორში შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს. როგორც ოპონენტები მიუთითებენ, შტატგარეშე თანამშრომლების ზრდა ხშირად უკავშირდება პოლიტიკური გავლენების გაფართოებისა და საჯარო სამსახურში არაგამჭვირვალე დასაქმების რისკებს.