"იმედის" განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა - Palitra News

"იმედის" განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

2026-05-13 22:09:00+04:00

ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიატაციაზე უარი უთხრა.

"დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი ორი“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში.

ამასთან, ტელეკომპანიის განცხადებით, „იმედი“ დაინტერესდა მათი მოტივაციითა და არგუმენტებით. ტელეკომპანია აქვეყნებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხსაც.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს.

"იმედის" თანახმად, საკითხის დაინტერესების მოტივით ევროპის საბჭოსაც მიწერა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.