დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რამე ნაბიჯი, რამე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით, ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი, არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი, ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, მათ შორის, სამართლის უზენაესობის მიმართულებითა და ანტიკორუფციული სისტემის მუშაობით“. პაპუაშვილის თქვით, „ასეთი რამ ბრიუსელს არ აინტერესებს“.
„აღარ ვიცი, თავს რატომ იწუხებენ ისინი კვლევით, ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს - კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები, ბრიუსელის ინტერესი არ არის. იციან, რასა იუკნევიჩანე რასაც იტყვის, ის არის სიმართლე, მორჩა. ჩვენ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში, როცა იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან, მე მაქვს ატომური ბომბი, ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო, რომ თეთრი არის შავი, მე მაქვს ეკონომიკური ბერკეტებიო გეტყვის ბრიუსელი, ამიტომ შავზე ვიტყვი თეთრს და შენ უნდა თქვა, რომ დიახ, ეს არის თეთრიო. არანაირი სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი ძალის პოლიტიკა, რომელსაც ვხედავთ, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად იყენებს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, რომელშიც დღეს არის, ეს არის სწორედ ესტონიზაცია ევროკავშირის, რაზეც თეთრ სახლშიც საუბრობდნენ. ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-11, მე-12 და ა.შ. მოვიგებთ, რადგან ეს არის სიმართლე, მაგრამ ნუ სხვა რა ვქნათ, ევროკავშირის ელჩს რომ ვუთხრათ, ეს არის სიმართლეო, ხომ არ აინტერესებს, მისთვის ავტორიტეტია რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმები და ამის განხორციელება. დაივიწყეთ, არ არსებობს არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რამე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით, ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი, არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი, ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი. დაყვანილი ვართ ჩვენ, ადამიანები, საქართველოს მოსახლეობა ინსტრუმენტამდე ბრიუსელის თვალში, რომელიც გამოსაყენებელია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. დაზიანდება საქართველო? ჯანდაბამდე გზა ჰქონია, დაზიანებულიყო ბოლომდე, ეს ხომ გვითხრა ევროკავშირის ელჩმა რამდენიმე კვირის წინ, როცა ღონისძიება ჰქონდა, სადაც თქვა, ევროკავშირის ქვეყნები ვზიანდებით იმით, რომ სანქციებს ვუწესებთ და ამ დროს, საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს და იმ ზიანს ვერ იღებს, ეს რას ჰქვია, რა არისო, რადგან ევროკავშირის ელჩს არ ადარდებს, რა მოუვა საქართველოს. 9 მაისს, დახარჯეს ამხელა თანხა, პავილიონში მოაწყვეს ზეიმი, რაიმე ადარდებთ, ფოჩიანი კანფეტების და ფერად-ფერადი ფოტოების, ანტისამთავრობო მიტინგის გარდა, რომელიც 9 მაისს ჩაატარეს თბილისის შუაგულში? ერთი სიტყვა არ ახსენეს არც ევროკავშირის ელჩმა და არც სხვებმა 9 მაისის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ჩვენი ვეტერანების, ჩვენი 300 000 ჯარისკაცის სისხლი ერთხელ არ ახსენეს ამ ღონისძიებაზე, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა 9 მაისს აღნიშნავდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ ვართ მათ თვალში ინსტრუმენტი და იარაღი, ასე გვიყურებენ“, - აცხადებს პაპუაშვილი.