დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს კარგი შეხვედრა ჰქონდათ, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრმა სახლმა პეკინში, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
„მხარეებმა განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზები, მათ შორის ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოება და ჩვენს ინდუსტრიებში ჩინური ინვესტიციების გაზრდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა „ხაზი გაუსვეს აშშ-ში ფენტანილის პრეკურსორი ნაერთების შეტანის შეწყვეტისა და ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვების გაზრდის მნიშვნელობას“.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგორესურსების თავისუფალი მიწოდების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ნათლად დააფიქსირა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესების მცდელობის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.