მსოფლიოში სურსათის ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება - ხორცის ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსმა აპრილში საშუალოდ, 130.7 პუნქტი შეადგინა, რაც მარტის დონესთან შედარებით 2.1 პუნქტით, ანუ 1.6%-ით მეტია. ამის შესახებ FAO-ს ახალ ანგარიშში წერია. ეს ფასების ზედიზედ მესამე ყოველთვიური ზრდაა, თუმცა წინა თვესთან, ანუ მარტთან შედარებით ზრდის, უფრო დაბალი ტემპი დაფიქსირდა. მცენარეული ზეთის, ხორცისა და მარცვლეულის ფასის ინდექსი სხვადასხვა ხარისხით გაიზარდა, რაც შაქრისა და რძის პროდუქტების გაიაფებით იქნა კომპენსირებული. რაც შეეხება ისტორიულ დონეებს, აპრილში ფაოს სურსათის ფასის ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2%-ით მეტია, თუმცა 2022 წლის მარტის პიკთან შედარებით 18.4%-ით ნაკლები დარჩა. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი აპრილში საშუალოდ 111.3 პუნქტს შეადგენდა, რაც მარტთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის დონესთან შედარებით 0.4%-ით მეტია. ყოველთვიური ზრდა, სორგოსა და ქერის გარდა, ძირითადი მარცვლეულის გაძვირებას ასახავს. კერძოდ, ხორბლის მსოფლიო ფასები 0.8%-ით გაიზარდა, რაც აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში გვალვის შედეგად მიღებულ ზეწოლასა და ავსტრალიაში საშუალოზე დაბალი დონის ნალექის მაღალ ალბათობას უკავშირდება. წელს ხორბლის ნათესების შემცირების მოლოდინმა ფასების ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რადგან ფერმერები სასუქის გაძვირების ფონზე ნაკლებსასუქიან კულტურებზე გადადიან. ეს ენერგომატარებლებზე მაღალი ხარჯითა და ფაქტობრივად დახურული ჰორმუზის სრუტით არის გამოწვეული. სიმინდზე საერთაშორისო ფასები 0.7%-ით გაიზარდა, რასაც სეზონურად შეზღუდული მარაგი და ბრაზილიაში ამინდთან დაკავშირებული შეშფოთება უწყობდა ხელს. FAO-ს ბრინჯის ფასების ინდექსი აპრილში 1.9%-ით გაიზარდა, რაც ინდიკას და არომატული ბრინჯის გაძვირებით იყო განპირობებული. ეს ნედლ ნავთობსა და მისგან წარმოებულებზე ფასების ზრდის ფონზე, ბრინჯის ექსპორტიორი ქვეყნების უდიდეს ნაწილში საწარმოო და მარკეტინგულ მაღალ ხარჯს უკავშირდება. FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა აპრილში, საშუალოდ, 193.9 პუნქტი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 10.9 პუნქტით, ანუ 5.9%-ით მეტია. ამ ინდექსმა 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ზრდა პალმის, სოიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის გაძვირებამ განაპირობა.FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი აპრილში, საშუალოდ, 129.4 პუნქტს შეადგენდა, რაც მარტთან შედარებით 1.6 პუნქტით, ანუ 1.2%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.8 პუნქტით, ანუ 6.4%-ით მეტია. ეს კი ახალი რეკორდული მაქსიმუმია