ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ნაგებობებს, რომელთაც კულტურული ღირებულება რეალურად არა აქვს, მაგრამ ძეგლის სტატუსი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ კონკრეტულ არეალში მდებარეობს - საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განახლდეს, აღდგეს და ძველი თბილისი კიდევ უფრო მეტად გალამაზდეს, - ეს განცხადება პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის განსაზღვრა თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება ხდება.
გაბუნიას განცხადებით, ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისში კულტურულ მემკვიდრეობასა და სარეაბილიტაციო პროცესებთან დაკავშირებულ პროცედურებს და უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის მას.
„კანონპროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ცვლილებები გაცილებით მოქნილ მექანიზმებს გვთავაზობს.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირეულად იქნას შესწავლილი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით თბილისის იმ არეალებში, სადაც მრავლად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნებათმცოდნეების, ექსპერტების მიერ შესწავლილი იყოს - მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ნაგებობებს, რომელთაც კულტურული ღირებულება რეალურად არა აქვს, მაგრამ ძეგლის სტატუსი მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ კონკრეტულ არეალში მდებარეობს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ძირეულად იყოს შესწავლილი და გვქონდეს უფრო დეტალური და სრულყოფილი წარმოდგენა იმ ძეგლების შესახებ, რომელიც ამ კონკრეტულ არეალებში მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული.
კანონპროექტი მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განახლდეს, აღდგეს და ძველი თბილისი კიდევ უფრო მეტად გალამაზდეს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 13-14 მაისის პლენარულ სხდომაზე სამივე მოსმენით დაამტკიცა.