„ქართულ ოცნებასა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. მიზეზი ამჯერად თენგიზ შარმანაშვილის ძველი ფოტო გახდა, სადაც მისი სამუშაო კაბინეტის ფონზე მიხეილ სააკაშვილის პორტრეტია გამოსახული.
გიორგი გახარიას გუნდი ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი მმართველი პარტიის წევრის წინა ხელისუფლებასთან კავშირზე მიუთითებს. საპასუხოდ, თენგიზ შარმანაშვილი განმარტავს, რომ იმ პერიოდში ელჩის პოზიციაზე, არაპოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობდა და კაბინეტების გაფორმება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროტოკოლით ხდებოდა. მისი თქმით, სააკაშვილის ფოტო ყველა ოფიციალურ კაბინეტში იყო განთავსებული და მისი ჩამოხსნის უფლება არავის ჰქონდა.
ამავდროულად, დღეს პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიას გუნდმა სოციალურ ქსელში ირაკლი ქადაგიშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის ფოტოები წარწერით - „პუჩისტები“ გამოაქვეყნა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შარმანაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდთან კავშირი კიდევ ერთხელ შეახსენეს. ბრალდებებს გამოეხმაურა ირაკლი ქადაგიშვილიც. მისი განცხადებით, გავრცელებული შეფასებები სიცრუეა და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ქადაგიშვილის თქმით, მისი პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის ეროვნული ინტერესებისა და დემოკრატიის მხარეს იყო.