კანონპროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პარლამენტში მწვავე კამათის საგანი გახდა - Palitra News

კანონპროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ პარლამენტში მწვავე კამათის საგანი გახდა

2026-05-14 20:54:15+04:00

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მწვავე პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. ოპოზიცია ამ ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებად აფასებს და აცხადებს, რომ ცვლილებები ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სისტემას ასუსტებს.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ კანონპროექტი კონკრეტულ ინტერესებზეა მორგებული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საფრთხეს უქმნის. მისივე შეფასებით, ხელისუფლება ძეგლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობას ცენტრალური ხელისუფლებიდან თბილისის საკრებულოზე გადააქვს.

საკანონმდებლო ცვლილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისას, თუ პროექტს თბილისის მერია ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი განახორციელებს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი აღარ გავრცელდება. შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციისა და შეთანხმების წესს თბილისის საკრებულო განსაზღვრავს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილება რეაბილიტაციის პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტიანს გახდის, ოპოზიცია კი საფრთხეებზე საუბრობს.