ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი გელაშვილს სიტყვით მიმართა. ელისაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სიტყვის თქმის შესაძლებლობა არ მიეცა და პროკურორისთვის კითხვების დასმას ითხოვდა. მისივე განცხადებით, სამართალდამცველები არ აკავებენ იმ პირებს, რომლებიც, მისივე თქმით, მის წამებაში მონაწილეობდნენ. პროცესის დასრულებამდე მოსამართლემ სხდომა გადადო.
მანამდე სასამართლოზე დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი ილონ კორძაია. მისი განმარტებით, გასული წლის 29 ნოემბერს შევიდა შეტყობინება, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის გადაწვას ცდილობდა. გამომძიებლის თქმით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ხელთათმანები, ბენზინით სავსე და ცარიელი ბოთლები, ასევე სხვადასხვა ნივთი, რომელიც, გამოძიების შეფასებით, ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილი სასამართლოს შენობაში ფანჯრის ჩატეხვის შემდეგ შეიჭრა, აალებადი ნივთიერება დაასხა დოკუმენტაციასა და ინვენტარს და ხანძრის გაჩენა სცადა. ბრალდების მხარე ასევე ამტკიცებს, რომ მან ერთ-ერთ მანდატურს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.