ქსელურ მარკეტებში სოციალური კალათების განთავსება დაიწყო. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მომხმარებლებს პირველადი მოხმარების დაახლოებით 15 პროდუქტის შეძენა შედარებით დაბალ ფასად შეეძლებათ. ჩამონათვალში ფქვილი, შაქარი, ბრინჯი და სხვა მოთხოვნადი პროდუქტებია წარმოდგენილი.
ქსელური მარკეტების ინფორმაციით, სოციალური კალათის შემადგენლობა ყოველკვირეულად განახლდება. მმართველ გუნდში ინიციატივას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ იაფ პროდუქტებზე კონკურენცია ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე ფასების შემცირება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. მათი განცხადებით, სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა მოქალაქეებისთვის კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.