აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ჩინეთში ვიზიტი განსაცვიფრებელი იყო.
„ვფიქრობ, რომ ამან ბევრი კარგი რამ მოიტანა. ჩვენ რამდენიმე ფანტასტიკური სავაჭრო შეთანხმება დავდეთ, რაც ორივე ქვეყნისთვის შესანიშნავია“, - განაცხადა ტრამპმა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა.
მისი თქმით, ისაუბრეს ირანის საკითხზეც და შეთანხმდნენ, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ ირანზე. გვინდა, რომ ეს დასრულდეს. არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. გვინდა, რომ სრუტეები გაიხსნას“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სი ძინპინს სექტემბერში შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ისეთივე შთაბეჭდილებები ექნება, როგორც მას ჩინეთში აქვს.
„ვიზიტი ორმხრივი იქნება. იმედია, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იქნებით, ისევე როგორც მე ვარ ჩინეთით აღფრთოვანებული. ეს მართლაც შესანიშნავი რამდენიმე დღე იყო. დიდი მადლობა“, - აღნიშნა ტრამპმა.