"ოპოზიციური ალიანსი" ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს და საკუთარ ხედვას აყალიბებს. მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებისთვის უნდა შეწყდეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეები და გაუქმდეს რეპრესიული კანონები, რათა მოქალაქეებმა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა დაიბრუნონ. "ალიანსმა" ექვსპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელთა შორის - საარჩევნო დავების სამართლიან განხილვასა და ელექტრონული სისტემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა საუბარი. გაერთიანებაში ამბობენ, რომ სწორედ ამ პირობების შესრულება გახდება ქვეყანაში ნდობისა და დემოკრატიული პროცესების აღდგენის საფუძველი.