მადლობა კონკრეტულ ქსელებს, რომ მათ პროდუქტის გაიაფების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა ფასების რეგულირების კომისიის დასკვნასა და ე.წ. საოჯახო კალათის შექმნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში, მიწოდების ჯაჭვი დამოკლდება და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე.
„მადლობა კონკრეტულ ქსელებს, რომ მათ პროდუქტის გაიაფების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში, მიწოდების ჯაჭვი დამოკლდება და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება საშუალოვადიან პერსპექტივაში მუშაობა, ესეც მოგვცემს შედეგს და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია. "ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს", - მიიჩნევს კომისია. ასევე, კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.
„რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა კი დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მათივე თქმით, „სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები“.