ჩვენი, „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიზანი არის, რომ ადამიანების დამთრგუნავი უმრავლესობა, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში ივანიშვილის წინააღმდეგაა და ამ სიღარიბეში, კლეპტოკრატიასა და ჯოჯოხეთში ცხოვრება აღარ უნდა, საარჩევნო ყუთებთან გამოვიყვანოთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, საქართველოს უახლესი ისტორია არის ოპოზიციის ბრძოლა კარგი არჩევნებისთვის და არცერთ ჯერზე არცერთი არჩევნები არ ყოფილა ოპოზიციის მხარეს.
„არგამოცხადებული არჩევნების პირობებში, როდესაც დიქტატორს რაღაც წინაპირობებს უყენებ და შემდეგ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ბოიკოტს აცხადებ, არის სრული პოლიტიკური ანომალია და ყოვლად გაუგებარი მიდგომა პოლიტიკური პროცესისადმი ამ ქვეყანაში.
ალიანსმა გამოაცხადა რაღაც პირობები, უპასუხა ივანიშვილის კარის პრემიერმა და ახლა რა, ბოიკოტში არის მთელი ალიანსი და ისევ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას?
მე მინდა კოლეგებს შევახსენო, რომ ამ ქვეყნის უახლესი ისტორია არის ოპოზიციის ბრძოლა კარგი არჩევნებისთვის და არცერთ ჯერზე, როდესაც ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, არცერთი არჩევნები არ იყო ოპოზიციის მხარეს, ყველა არჩევნები იყო პროსახელისუფლებო, ყველა არჩევნები იყო ფაქტობრივად გაყალბებული და ყველა არჩევნები იყო უმძიმესი, მაგრამ დამთრგუნავი უმრავლესობა გამოდიოდა და დამთრგუნავი უმრავლესობა იგებდა და ცვლიდა ხელისუფლებას.
ჩვენი, „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიზანი არის, რომ ეს დამთრგუნავი უმრავლესობა, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში ივანიშვილის წინააღმდეგაა და ამ სიღარიბეში კლეპტოკრატიასა და ჯოჯოხეთში ცხოვრება აღარ უნდა, ეს ადამიანები გამოვიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან, ამ ადამიანებმა მისცენ ხმა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს აბსოლუტური უმრავლესობა დაჯაბნის ამ რეჟიმს ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთეს უნგრეთში რამდენიმე თვის წინ და ზუსტად ისე, როგორც საქართველოში ეს გაგვიკეთებია თუნდაც 2012 წელს და სხვა წლებში, როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.