გახშირებული კომუნიკაცია თბილისსა და კიევს შორის - რაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა - Palitra News

გახშირებული კომუნიკაცია თბილისსა და კიევს შორის - რაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა

2026-05-15 20:34:28+04:00

უკრაინასა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი გრძელდება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება და საერთაშორისო თანამშრომლობა განიხილეს.

კიშინეუში გამართულ მინისტერიალზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის ბოლო კომუნიკაციის გაგრძელება იყო.

საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობას, მათ შორის სუამის ფორმატს, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ყურადღება უკრაინის მიმართ საქართველოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზეც გამახვილდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.