აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს

2026-05-16 12:13:57+04:00

ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 14-15 მაისს ვაშინგტონში, ისრაელსა და ლიბანს შორის „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ გაიმართა.

„მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე, რაც მიზნად ისახავს მათ შორის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებას და მათ საერთო საზღვარზე რეალური უსაფრთხოების დამყარებას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მხარეები მოლაპარაკებებს ვაშინგტონში 2-3 ივნისს განაახლებენ, მანამდე კი სამხედრო დელეგაციების შეხვედრა შედგება.

„უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებები პენტაგონში 29 მაისს, ორივე მხარის სამხედრო დელეგაციების მონაწილეობით დაიწყება. ამ მიზნით, მხარეები 16 აპრილს მიღწეული საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 45 დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად და აშშ-ის შუამავლობით, ისრაელსა და ლიბანს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.