იქ, სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია ნარჩუნდება, დემოკრატია ვერ ყვავის. თანასწორობა არჩევითი არ არის - ის თავისუფალი და მდგრადი საზოგადოებების ქვაკუთხედია - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
მისი განცხადებით, მსოფლიოში კვლავ ძალიან ბევრი ლგბტი პირი აწყდება ძალადობას, დისკრიმინაციას, სიძულვილის ენასა და სტიგმატიზაციას და მხოლოდ იმის გამო, რომ ისეთები არიან, როგორებიც არიან, დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნედ იქცევიან.
„როდესაც ლგბტი პირებისთვის ადამიანის უფლებებით სრულფასოვანი სარგებლობა იზღუდება, მონაწილეობა მცირდება, ხოლო საზოგადოებები ნაკლებად ინკლუზიური და ნაკლებად დემოკრატიული ხდება. ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, დაიცვას ლგბტ პირების მიერ ყველა ადამიანის უფლებით სრული და თანაბარი სარგებლობა“, - აცხადებს კალასი.
მისი მტკიცებით, დღეს მსოფლიოში დისკრიმინაცია ძლიერდება, მათ შორის - სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.
„ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ერთსქესიანთა ურთიერთობები 65 ქვეყანაში კვლავ კრიმინალიზებულია, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს უნდა დასრულდეს. ევროკავშირი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, გააუქმონ კანონები, რომლებიც ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებულ ერთსქესიანთა ურთიერთობების კრიმინალიზებას ახდებს და შეწყვიტონ ლგბტი პირების წინააღმდეგ მიმართული ახალი დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება. ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა ადამიანებს შეეძლოთ იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ - შიშისა და დევნის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კალასის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას. თანასწორობა ასევე განმტკიცებულია ჩვენს დამფუძნებელ ხელშეკრულებებსა და შესაბამის სასამართლო პრაქტიკაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში პროგრესი მიღწეულია, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ევროკავშირი გააგრძელებს ლგბტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას, მათ შორის - სტაბილური და პროგნოზირებადი დაფინანსების გზით. მათი საქმიანობა გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც მათზე ზეწოლა იზრდება. ევროკავშირი კვლავაც მოითხოვს ლგბტი უფლებადამცველთა დაცვის გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება და რეპრესიები მატულობს“, - აცხადებს კალასი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ მომდევნო წლებში ევროკომისიის ახალი LGBTIQ+ თანასწორობის სტრატეგია მიზნად ისახავს ძალადობისგან დაცვის გაძლიერებას, სიძულვილსა და დისკრიმინაციასთან - მათ შორის ონლაინ - ბრძოლას, ადამიანებისთვის თავისუფლად და თანასწორად ცხოვრების სივრცის გაფართოებას და მთელი საზოგადოების მობილიზებას რეალური თანასწორობის მისაღწევად.