შიო III - თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება - აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის - Palitra News

შიო III - თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება - აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის

2026-05-17 14:52:03+04:00

თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება - აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ოჯახი ეროვნული იდენტობის საძირკველია.

„ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც, წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. სწორედ ასეთი მცირე ეკლესიები ქმნიან საღვთო მადლით გაერთიანებულ საზოგადოებას.

ძვირფასო სტუმრებო, თქვენი აქ ჩამობრძანებით განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებულია უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე.

დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია, ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს”, - განაცხადა პატრიარქმა.