შალვა კერესელიძე - ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ შეკრება, სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა საკმარისი არ არის - ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც ქართულ ოჯახებს დაიცავს და გააერთიანებს - Palitra News

შალვა კერესელიძე - ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ შეკრება, სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა საკმარისი არ არის - ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც ქართულ ოჯახებს დაიცავს და გააერთიანებს

2026-05-17 16:19:52+04:00

ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ შეკრება, სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა საკმარისი არ არის. ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც ქართულ ოჯახებს დაიცავს და გააერთიანებს, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

კერესელიძის თქმით, საჭიროა სახელმწიფო პროგრამების დანერგვა, რომლებიც ოჯახებს თავს დაცულად და ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად აგრძნობინებს.

“დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს და ქართულ ოჯახებს. მინდა, გითხრათ ის, რომ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ შეკრება, სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა საკმარისი არ არის. ამას სჭირდება ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, ქართული ოჯახების მხარდაჭერაზე, ამას მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და სანთლის დანთება არ შველის. კონკრეტული ქმედებებია საჭირო იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართული ოჯახია გაყოფილი, გადახვეწილი სამშობლოდან იმის გამო, რომ სწორედ ოჯახები შეინახონ და ოჯახის წევრები გადაარჩინონ სიდუხჭირესა და შიმშილს. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქართულ ოჯახებს, რომლებიც ყველაზე დიდი ღირებულება და ფასეულობაა ჩვენთვის.

აღარაფერს ვამბობ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, პრაქტიკულად, ქართული გენოფონდი გადაშენების გზაზეა, ამიტომ ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამის გააქტიურება არის საჭირო, წასახალისებელი არის ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები, ქართველი ქალბატონები, რომლებსაც დეკრეტული შვებულების კუთხით ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ. ყოველ დაბადებულ და ახალშობილ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ვალდებულებები, ფინანსური პასუხისმგებლობები.

ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც ქართულ ოჯახებს დაიცავს და გააერთიანებს. ნაბიჯები, როგორიც არის შობადობის წახალისება, სახელმწიფო პროგრამების დანერგვა, ახალგაზრდა ოჯახების დახმარება და ხელშეწყობა, მრავალშვილიანი დედების დახმარება და ა.შ. უნდა იგრძნოს ქართველმა ახალგაზრდა წყვილმა და ქართულმა ოჯახმა, რომ ის სახელმწიფოსგან არის დაცული”, - განაცხადა კერესელიძემ.