თბილისში, დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად მსვლელობა - „მიეცით წამალი ბავშვებს“ - მიმდინარეობს - Palitra News

თბილისში, დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად მსვლელობა - „მიეცით წამალი ბავშვებს“ - მიმდინარეობს

2026-05-17 19:12:04+04:00

„მიეცით წამალი ბავშვებს“ - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში, პაციენტების მშობლების გარდა, ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ვინც ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას უჭერს მხარს.

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მიემართებიან.

როგორც მშობლები აცხადებენ, ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან, გააგონონ ხმა ხელისუფლებას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თითოეული დღე ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის გადამწყვეტია.

დღეს ისინი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობასაც დახვდნენ თავისუფლების მოედანზე და მსვლელობის წინამძღოლ სასულიერო პირებს დახმარება და დალოცვა სთხოვეს.

უკვე ოცდარვა დღეა, დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.