თენგიზ შარმანაშვილი - ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე საკანონმდებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ალბათ, საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტაციის მოსმენა - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი - ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე საკანონმდებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ალბათ, საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტაციის მოსმენა

2026-05-18 11:29:12+04:00

თუ იქამდე მივა საქმე, რომ რაღაც საკანონმდებლო რეგულაციებზე სერიოზულად ჩამოვარდება საუბარი, მე ვისურვებდი, რომ უშუალო შეხვედრა მომხდარიყო [პატრიარქთან], რათა ეს არგუმენტები ბოლომდე გაგვეზიარებინა ან არ გაგვეზიარებინა, ან კითხვები დაგვესვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“.

მისი თქმით, ვიდრე მთავრობა ან რომელიმე დეპუტატი აღნიშნული საკითხის დაინიცირებას გადაწყვეტს, ინიციატორისგან დაწვრილებით უნდა მოისმინოს არგუმენტები.

„ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე საკანონმდებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ალბათ საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტაციის მოსმენა. როცა ქადაგებას ისმენ, იქ საშუალება არ გაქვს, რაიმე კითხვა დაუსვა, მოსაზრება დააზუსტო და მისი არგუმენტები ბოლომდე გაიგო. რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი გასაგებია. ეკლესია ეს არ არის პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რაღაც იდეებს ქადაგებს - ის არის რწმენასთან დაკავშირებული უზარმაზარი, 1700-წლოვანი ისტორიის ორგანიზაცია, სადაც პრინციპები არ იცვლება. დღეს შეიძლება ადამიანებს შორის ერთი რამ იყოს პოპულარული, ხვალ მეორე, ზეგ მესამე, მაგრამ იქ ასე არ არის. ეს არის მკვეთრად განსაზღვრული რწმენისადმი დამოკიდებულება. ზოგს უკვირს და ხანდახან ძალიან მყიფედ და რადიკალურად მოეჩვენებათ ამა თუ იმ საკითხზე ეკლესიის განცხადება, მაგრამ ასე არ უნდა შეხედო. ეს შეხედულება და ეს რწმენის საკითხები 1700 წელია უცვლელია ქართველებისთვის. ასე რომ, თუ აქამდე მივა საქმე, რომ რაღაც საკანონმდებლო რეგულაციებზე სერიოზულად ჩამოვარდება საუბარი - მე ვისურვებდი, რომ უშუალო შეხვედრა მომხდარიყო, რათა ეს არგუმენტები ბოლომდე გაგვეზიარებინა ან არ გაგვეზიარებინა, ან კითხვები დაგვესვა. საკანონმდებლო პროცესი თავის წესს მოითხოვს და, რა თქმა უნდა, ის თვითონ ვერ დააინიცირებს ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე - ისევ დეპუტატების ან მთავრობის დასაინიცირებელია. ვიდრე ამ ინიციატივაზე ადამიანი წახვალ, რა თქმა უნდა, ინიციატორისგან დაწვრილებით უნდა მოისმინო ყველაფერი”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად სწორია კანონმდებლობით ამის შემოღება, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ თუ ეს საკითხი დაიძვრება მის საკითხის ინიციატორთანაც უნდა მოხდეს შეხვედრა.

„ამ შემთხვევაში ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის აზრი იმდენად საინტერესო არ არის და თუ ეს მსჯელობა დაიწყება, პარტიის შიგნითაც, ფრაქციის შიგნითაც გაიმართება შეხვედრები და იქაც მოვისმენთ არგუმენტებს. ჩემი თხოვნა იქნებოდა ასეთ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი დაიძვრება, რა თქმა უნდა, მის საკითხის ინიციატორთანაც მოხდეს შეხვედრა”, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკითხებზე გამახვილა ყურადღება.

პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ .

შიო მესამის განცხადებით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება.

„როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს.