წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის შესახებ კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და აგრესიულ კომუნიკაციას სისტემურ მონიტორინგს გაუწევს.
კალაძის თქმით, კრიტიკა და შეურაცხყოფა ორი განსხვავებული მიმართულება, რაც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.
„წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.
შესაძლოა, ვიღაცას ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. არავის აქვს უფლება ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს. ესეც გასაგებია, საიდან მოდის და როგორ ხდება ყველაფრის მართვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის დარეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.