ხატია დეკანოიძე - მამუკა მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს, ამის შემდეგ გაუგებარი ბიუროკრატია შექმნეს, მაღალი ხელფასი დაუნიშნეს და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს? უსაქმურად ვერ იქნება - ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი - Palitra News

ხატია დეკანოიძე - მამუკა მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს, ამის შემდეგ გაუგებარი ბიუროკრატია შექმნეს, მაღალი ხელფასი დაუნიშნეს და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს? უსაქმურად ვერ იქნება - ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი

2026-05-18 14:05:45+04:00

მამუკა მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს, ამის შემდეგ გაუგებარი ბიუროკრატია შექმნეს, მაღალი ხელფასი დაუნიშნეს და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს? უსაქმურად ვერ იქნება - ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი, - ასე ეხმაურება პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შს სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივას.

“ისევ მაღალი ხელფასებიანი მორიგი ბიუროკრატია. საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება.

აბსურდულობამდე კომიკური უსაქმურობის პროგნოზირებადობა”, - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული.

“უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.