კახა კალაძე „ოპოზიციის ალიანსზე“ - თავიდანვე გასაგები იყო, ის ერთობა, რომელიც ზარ-ზეიმით გამოგვიცხადეს, განწირული იყო მარცხისა და დაშლისთვის - Palitra News

კახა კალაძე „ოპოზიციის ალიანსზე“ - თავიდანვე გასაგები იყო, ის ერთობა, რომელიც ზარ-ზეიმით გამოგვიცხადეს, განწირული იყო მარცხისა და დაშლისთვის

2026-05-18 14:28:13+04:00

თავიდანვე გასაგები იყო, ის ერთობა, რომელიც ზარ -ზეიმით გამოგვიცხადეს, განწირული იყო მარცხისა და დაშლისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსში არანაირი ღირებულებები არ არსებობს და მზად არიან, „ცალ ფეხზე დგომით გარე დავალებები შეასრულონ“.

„მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა არის იმისკენ, რომ როგორმე რამე თანამდებობა, რამე ადგილი დაიკავონ. არანაირი ღირებულებები არ აქვთ. თან ერთად შეიყარნენ ის კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა და მხარდაჭერა არ აქვთ. ამას თავისა ახსნა აქვს - როდესაც შენ ემსახურები სხვა ქვეყანას, ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, გყავს გარე პატრონები, ხალხს შენს მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს. ყველა ხედავს, რომ პოლიტიკაში წარუმატებელი იქნები და არანაირი შესაძლებლობა არ გექნება იმისათვის, რომ წარმატებული იყო, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ლელოსთვის“, რომლებიც ალიანსს არ შეუერთდნენ, მაინც არავითარი „წითელი ხაზები“ არ არსებობს.

„რეალურად, არანაირი „წითელი ხაზები“ არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. რა „წითელ ხაზებზეა საუბარი“, მაგალითად, „გახარიას პარტია“ პირდაპირ ალიანსშია და კოლაბორაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. კონკრეტული რაიონები შემიძლია დაგისახელოთ, სადაც საკრებულოების დონეზე გაერთიანდნენ. აქ მთავარი არის, რას ეტყვიან თავიანთი პატრონები, რა დავალებას მისცემენ. შეპასუხების უფლებაც კი არ აქვთ, ისინი ვალდებული არიან, შეასრულონ ის, რასაც გარედან ეტყვიან. როგორ შეიძლება ნდობა გქონდეს საზოგადოებაში, როდესაც ხარ მოღალატე, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის, ხალხის ბედი, არ იცავ ხალხის ინტერესს? როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს ან პოლიტიკურ დაჯგუფებებს საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰქონდეთ? თუკი რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ყველაფრის მხარდამჭერები არიან. ვიცით, საიდან მოდის გარედან თავსმოხვეული პროცესები. ეს ყველაფერი ამ პროცესების ნაწილია. მზად არიან, ცალ ფეხზე დგომით ყველაფერი შეასრულონ.

ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, აანალიზებს. ასეთ ადამიანებს და პოლიტიკურ პარტიებს არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ“, - განაცხადა კალაძემ.