ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარში გაცემულ ახალ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს იპოთეკურ სესხებზე საშუალო განაკვეთი 13,4%-დან 11,9%-მდე შემცირდა. ბიზნესსესხების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 14,4%-დან 12,8%-მდე ჩამოვიდა.
თურნავას განმარტებით, შემცირებას ხელს საკრედიტო რისკების კლება, საბანკო პორტფელის გაუმჯობესება და ლარის მიმართ გაზრდილი ნდობა უწყობს. მისივე მტკიცებით, დეპოზიტების გალარებამ ბანკებს გრძელვადიანი ლარის ლიკვიდობა გაუზარდა, რამაც დაკრედიტების პირობების შერბილება შესაძლებელი გახადა.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საპროცენტო განაკვეთებზე ინფლაციური რისკების მკვეთრ გავლენას არ ელოდებიან და პროგნოზი შედარებით ოპტიმისტურია.