შალვა პაპუაშვილის ჩინეთში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვითარდება და ეს მაღალი დონის ვიზიტებშიც აისახება.
შალვა პაპუაშვილმა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგსაც შეხვდა. განსაკუთრებული ყურადღება ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და პარტნიორობის გაძლიერებას დაეთმო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა.