დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პროტესტის ახალ ფორმაზე გადადიან და აცხადებენ, რომ ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 1-კაციან აქციებს გამართავენ.
მშობლების განმარტებით, ასეთი ფორმატი კანონით შეკრებად არ ითვლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდვებს არ ექვემდებარება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეზიდენციასთან საპროტესტო შეკრების ჩატარებაზე უარი მიიღეს.
მშობლები ყოველდღიურ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციასთანაც აგრძელებენ და უკვე 28 დღეა, რაც მედიკამენტის საქართველოში შემოტანას ითხოვენ. მათივე თქმით, პროცესის გაჭიანურება ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კითხვები კვლავ არსებობს, რის გამოც შესაბამისი პროტოკოლი ჯერ ვერ მტკიცდება.