„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის ინიციატივები „აბსურდულია“.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მდინარაძე ცდილობს, საკუთარი პოლიტიკური მნიშვნელობის წარმოჩენას და საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ ხელისუფლებაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„მგონი, მდინარაძეს სჭირდება გაამართლოს საკუთარი არსებობა. გაუგებარი პოსტი შეუთითხნეს, რომ სახლში არ გაეგდოთ. როგორც ჩანს, ცდილობს, ხალხს აჩვენოს, ვინმეს რამეში სჭირდება. ვვარაუდობ, რომ ეს მისი ინიციატივაა. აბსოლუტურად აბსურდია, ისევე როგორც ის კანონი, რომელიც 2025 წელს მიიღეს და აღსრულებას ვერ ახდენენ. ასეთივე აბსურდია ე.წ. აღსრულების მექანიზმის შექმნა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, არსებული პოლიტიკის პირობებში ხელისუფლებას შესაძლოა საპატიმროების ნაცვლად „ბანაკების აშენება“ დასჭირდეს.
„მაშინ საპატიმროები კი არა ბანაკები უნდა ააშენონ, როგორც ბელარუსშია. იმდენი ადამიანი ჰყავთ დაპატიმრებული, რომ ციხე არ ყოფნით. ამიტომ, მამუკა მდინარაძეს შემიძლია მივცე არც თუ ხუმრობით რჩევა, ჯერ მიმართოს ინფრასტრუქტურის მინისტრს, რეზო სოხაძეს, უთხრას, ააშენოს ბანაკები პატიმრებისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთი გზა პოლიტიკური გადატვირთვა და ახალი არჩევნების ჩატარებაა.
მისივე განცხადებით, რაც უფრო მალე გააცნობიერებს ხელისუფლება ამ აუცილებლობას, მით უფრო ნაკლები პოლიტიკური და ეკონომიკური დანაკარგით შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას.
„მესმის, ქართული ოცნება“ რთულ მდგომარეობაშია. ისინი შესული არიან ჩიხში როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოდიან, რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი ეს არის პოლიტიკური გადატვირთვა და ახალი არჩევნები, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გამოვლენ ამ ჩიხიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა.
დასავლეთთან ურთიერთობების საკითხზე საუბრისას სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისე, რომ არ შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ელოდებიან. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ პროცესს „ვაჭრობის რეჟიმში“ განიხილავს.
„ურთიერთობების გადატვირთვას რაც შეეხება, აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად რეჟიმი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ არის მზად არანაირი ნაბიჯებისთვის. ბიძინა ივანიშვილს, ერთი მხრივ, უნდა გადატვირთვა, მაგრამ უნდა ისე, რომ არცერთი ნაბიჯი არ გადადგას იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი. ვაჭრობის პროცესშია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს კარგად არ ესმის კონტექსტი. ვერ ხედავს იმას, რომ ახლოს არის იმ ზღვართან, როდესაც ბევრს მოთმინება ამოწურული აქვს“,- განაცხადა სამადაშვილმა.