ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლით მიმოსვლა 26 მაისიდან განახლდება. 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შორის შედგა. ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.
მოგეხსენებათ, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დრო შეწყდა. გასული წლის მარტში, თბილისი-ბაქოს მიმართულებით სარკინიგზო რეისების განახლებაზე განცხადება, დუბაიში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, საიდანაც გავიგეთ, რომ ამ საკითზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მანამდე, თებერვლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შესაძლოა, მაისში განახლებულიყო. მგზავრთა გადასაყვანად კი შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მატარებლები სახელდებოდა. უკვე გასული წლის აპრილში თბილისის ცენტრალურ სადგურში „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ჩქაროსნული მატარებელი გამოჩნდა, რისი ამსახველი ფოტოებიც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებში, 26 ან 28 მაისს განახლდებოდა.